ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1911

ტიპი: ღონისძიება

ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მუზეუმის აშენება სრული ხარჯით იკისრა დავით სარაჯიშვილმა, რომელიც სამუზეუმო კომისიას სთხოვდა მუზეუმის ასაშენებლად ადგილი მოეძებნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ სამუზეუმო კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე აირჩია.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მუზეუმის კატალოგის შედგენა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის ეთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

იმის გასარკვევად სამუზეუმო ნივთების კარადა ძალით დაზიანებული იყო თუ არა მოიწვიეს ზეინკალი ტიმოფეი კოსტიუკოვი, რომელმაც დაასკვნა, რომ კარადა ძალით გატეხილი არ იყო. ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს აცნობა, რომ იასონ ციციშვილმა საზოგადოებას ფიქრის გორაზე 50 საჟენი მიწა. სთხოვა. მას სახლის აშენება სურდა იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, თვითონ იცხოვრებდა, გარდაცვალების შემდეგ კი სახლი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 9 ივნისს ჩატარებული კრების მიხედვით, სამუზეუმო კომიტეტმა გადაწყვიტა მუზეუმისთვის შენობის ასაშენებლად ადგილი ეყიდა ცისკარაშვილის ქვრივისგან (ერთი მეთოთხმეტედი ნაწილი) და ბედ 550 მანეთი მიეცა. სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა აღნიშნული თანხა მათთვის იმ თანხიდან გადაეცა, რომელიც გადადებული იყო მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად. მოხსენებას ხელს აწერს სამუზეუმო კომიტეტის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. კომიტეტის წევრები: ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ვახტანგ მუსხელაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, იასონ ციციშვილისთვის ფიქრის გორაზე სახლის ასაშენებელი ადგილის გამოყოფის შესახებ სამუზეუმო კომისიას გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა მიეღო, თუ კომისია დაადასტურებდა, რომ 50 საჟენი მიწის გამოყოფით მუზეუმის გეგმა არ დაზიანდებოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.

1911

ტიპი: ავტორობა

არჩილ ჯორჯაძემ გარდაცვალების წინა დღეებში გიორგი ლასხიშვილთან და სიმონ მდივანთან (სოსიკო მდივანთან) გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცემოდა.

1911

ტიპი: ავტორობა

სამუზეუმო სექციის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს სწერდა, რომ მას თვრამეტ თუმნამდე თანხა სჭირდებოდა წიგნსაცავის საქმის შემსრულებლებისათვის მისაცემად.

1911

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იმ სურათების სია, რომელიც გამომცემლობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უძღვნა: „განდეგილის“ ორი სურათი, „ოთარაანთ ქვრივის“ ორი სურათი, „კაცია-ადამიანის“ სამი სურათი, „გლახის ნაამბობის“ ორი სურათი, „აჩრდილის“ ერთი სურათი, „კაკო ყაჩაღის“ ორი სურათი, „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ ორი სურათი და „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროის სცენების“ ერთი სურათი.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თითქმის ოცი წელი ცდილობდა სამუზეუმო შენობის აგებას. ამ გეგმის განხორციელება დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედების წყალობით შესაძლებელი გახდა და რამდენიმე წელიწადში მუზეუმი უნდა აშენებულიყო. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას ცალ-ცალკე მუზეუმები ჰქონდათ. ორივე საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ერთი კარგად მოწყობილი მუზეუმი უნდა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ორივე საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის შემდეგ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ასრულებდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სერგო კაკაბაძის შემდეგ ოთხი თვე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ასრულებდა.

1911

ტიპი: ავტორობა

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ შეერთებული მუზეუმის მართვა-გამგეობა ახალ ორგანოს ეთავა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების გამგეობას სთხოვა მუზეუმის ნივთები, თანხები მისთვის გადაეცა და მართვა-გამგეობაც მისთვის ჩაებარებინა, თუმცა საზოგადოებამ ეს წინადადება არ მიიღო. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ცისკარაშვილის ქვრივი თანახმა იყო მისი კუთვნილი ადგილი, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე, სამუზეუმო კომიტეტისთვის 1700 მანეთად მიეყიდა, ხოლო ბედ 550 მანეთი მოითხოვა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მუზეუმისთვის ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილი აირჩია. მიწის თორმეტი მეთოთხმეტედი ნაწილი წილოსანის ქვრივს ეკუთვნოდა, ერთი მეთოთხმეტედი – ცისკარაშვილის ქვრივს, ხოლო ერთი მეთოთხმეტედი კი – მალინოვსკის ქვრივს. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 11 ივნისს ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასი მათემატიკის მასწავლებლის წოდებით.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა, უმოკლეს დროში გაეცა პასუხი თელავის განყოფილების 17 მაისის შუამდგომლობაზე, რომელიც ეხებოდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის მდივანი ზ. მარკოზაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.