ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ქართლ-კახეთის საეპარქიოს რჩევის წერილი, რომლის თანახმადაც მიხეილ კლიმიაშვილი დაამტკიცეს გომარეთის სკოლის მასწავლებლად და გამგეობას სთხოვენ, პედაგოგ კლიმიაშვილს გაუგზავნონ საჭირო დოკუმენტები. გამგეობამ განაცახდა, რომ გაითვალისწინებდნენ მათ თხოვნას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი 5%-იანი ქაღალდები უნდა გამოესყიდათ ბანკიდან, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა ა. როინაშვილს 1130 მანეთად. გამგეობამ ბანკიდან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გრიგოლ კარაპეტიანცს წიგნების ანგარიშში 3.20 მანეთი გადასცეს, ზაქარია გრიქუროვს – 14.40 და კიდევ ცალკე – 159, თანხა ბიბლიოთეკისთვის საჭირო ნივთებისა და წიგნებისთვისაც გადადეს. სულ ხარჯმა 200.46 მანეთი შეადგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება მოწინავე წერილისა „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „ქ. ტომსკი, ახალი ფაკულტეტი უნივერსიტეტში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ გორში, კათოლიკეთა ქუჩაზე და დახურულ ბაზარში, ორი მამული იყიდებოდა. დაინტერესებული პირები ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“, რომლის გაყიდვით ამონაგები თანხა მცხეთის ტაძრის განახლებას მოხმარდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ნოემბერს მძარცველებმა ელენე ანტონოვსკაიას სახლიდან სამზარეულოს ავეჯი და 25 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის ხმოსნად აირჩიეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე, ქართული წარმოდგენა“ გამოქვეყნდა, რომელშიც დავით კეზელის „სცენები მიროვოი სუდიასთან“ და დავით მესხის მიერ თარგმნილი მელვილის „სიულივან“ იყო განხილული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგანგებო მინდობილობათა მოხელე, იმპერატორის სასახლის ეგერმეისტერი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო გადადგა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („ამ უკანასკნელ წლებში...“).

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი ახალი, 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას გეგმავდა, რომლის ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „თეატრის მატიანე” ქუთაისის დრამატული თეატრის ქართული წარმოდგენების შესახებ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 20 კაპიკად იყიდებოდა ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საღვთო რჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 6 შაურად იყიდებოდა ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის პიესა „კორიოლანოსი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოტოგრამა აბრამ ნორდშტეინმა გამოსცა ქართველი მწერლების პორტრეტების ალბომი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა სურათები იყო წარმოდგენილი. ალბომი 75 კაპიკი ღირდა და შემოსავლის 10 პროცენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება შეუძლოდ მყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად დავით მესხის მიერ თარგმნილ ჰერმან მელვილის დრამა „სიულივანს“ წარმოადგენდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 ნოემბერი“ („რომ იტყვიან, მონატერი აირიაო...“).