რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიდარ ბამატი ესტუმრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორ ელ. ჭელიშვილს აცნობეს, რომ უფლება ჰქონდა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის ავადმყოფ ივანოვას დაბრუნებამდე თვიურად მიეცა 628 მანეთი და 33 კაპიკი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძემ მისწერა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია სათაურით „მყრალი ჭაობი“, რომელიც მისი თქმით, დაწერილი იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლის მიერ, რომელიც მუდამ ცდილობდა სასწავლებლის ნორმალური ცხოვრების შეფერხებასა და პირადი შურისძიებით გაჟღენთილი ივ. გაჩეჩილაძის ავტორიტეტის დაცემას საზოგადოებაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძე სთხოვდა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ მისთვის ცილისწამების თავიდან ასაცილებლად და ავტორიტეტის აღსადგენად მოეხდინათ მკაცრი რევიზია და თუ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდებოდა მიეღოთ საჭირო ზომები ავტორის წინააღმდეგ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს, რომ ნება ეძლევა მასწავლებელ სიმონ ი. გძელიშვილს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 500 მანეთი გამოუწეროს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ სამტრედიის მოურავის მოადგილე დავით მელქაძემ და საქმისმწარმოებელმა გიორგი წერეთელმა თხოვნით მიმართეს მთავარ გამგეობას, რომ სამტრედიაში არსებული წიგნების მაღაზია და ბიბლიოთეკა, რომლებიც დახურული იყო და არ ფუნქციონირებდა გადაეცათ მათთვის, რომ აემუშავებინათ და მეტი სარგებელი მოეტანა ნახსენებ დაწესებულებებს საზოგადოებისათვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს გიმნაზიის საოჯახო კომიტეტის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სთხოვა ნება დაერთო მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის სპეციალური თანხიდან თვიურად 628 მანეთი და 33 კაპიკი მიეცა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვალი დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
როგორც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბერს იუწყება, ყუბანის საკანონმდებლო რადის ამასწინანდელ სხდომაზე, ღათაგოგუს გარდა, სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ტრაგედიის მიმართ, კერძოდ: პეტრე მაკარენკომ, პეტრე ავდეევმა და პრეობრაჟენსკიმ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი მხატვრების, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მიერ შექმნილი კლუბის წევრი გახდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მთავრობის სახელით საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელისთვის გაგზავნილი ნოტის ასლი გაუგზავნა. დეპეშაში ფათალი ხან ხოისკი ჰასკელს „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის გამო შექმნილი კონფლიქტის მოგვარებას სთხოვდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ამერიკული არმიის შტაბის უფროსი, გენერალი ჰარბორდი ხანმოკლე ვიზიტით ჩამოდიოდა საქართველოში. პრეზიდენტ უილსონის დავალებით მას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა მომეზადებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაიორ ცხაკაიას მოხსენება სამოსწავლო- გეოგრაფიული ატლასის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. მასალა შეიცავდა 22 რუქას: ნახევარი სფეროები, ზღვის დენა, მსოფლიო რუქა, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, შეერთებული შტატები. აფრიკა, ავსტრალია და სხვა. გამგეობამ პრინციპულად სასურველად აღიარა ქართულ ენაზე გეოგრაფიული რუქების/ატლასის გამოცემა. წარმოდგენილი შრომა გადასცეს სპეციალურ კომისიას განსახილველად და თუ კომისია მოიწონებდა, წარუდგენდენ განათლების სამინისტროს და სთხოვდნენ გამოსაცემად 100000 მანეთამდე სუბსიდიას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის წინადადება ატენის, წინარეხისა და ვარიანის სკოლების ჩაბარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაევალებინა ვ. ბურჯანაძისთვის სკოლების ერობისთვის გადაბარების საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივნის, დავით კარიჭაშვილის განცხადება შემდეგი წიგნების დაბეჭდვის შესახებ: შიო მღვიმელის საბავშვო მოთხრობები, დავით კლდიაშვილის მოთხრობების I ნაწილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებანი ერთ წიგნად და ცალ6-ცალკე, ალექსანდრე ხახანაშვილის მე-XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს გეოგრაფიული ნომენკლატურა, გიორგი ნათაძის „ინგლისის ისტორია“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო და ელიოზიშვილის „ჭუქი“. გამგეობამ სია დაამტკიცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს მაზრის ერობის გამგეობის წევრ შარიფოვის თხოვნა, გაიგზავნოს წარმომადგენელი სკოლების ჩასაბარებლად. გამგეობამ სკოლების ჩაბარება ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგისა და პედაგოგის, იასონ ალექსიშვილის თხოვნა სკოლისთვის საჭირო წიგნების ნისიად (ათასი მანეთის) გადაცემის შესახებ. მას თავდებობდა შიო დედაბრიშვილი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე, რადგან ის ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის („სინათლე“) რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშედ დარჩა. ფაქტი ხელმოწერით ვლადიმერ აბაშიძემ დაადასტურა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი სწერს სახალხო განათლების სამინისტროს, რომ უგზავნის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საოჯახო კომიტეტის ოქმიდან ამონაწერს დასამტკიცებლად და სთხოვს ნებართვას, მასწავლებელ ი. გძელიშვილისთვის 500 მანეთის გამოწერის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი და გრანდი საოპერო სეზონის გახსნაზე იყვნენ და ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი საოპერო წარმოდგენა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ძველმა მეგობარმა, საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა ვასილ კარბელაშვილმა ინახულა და ეკლესიის ამბებს მოუყვა.