რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობა მასწავლებელ გიორგი ანდრიაძის ოზურგეთის გიმნაზიიდან თავის გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ დაკმაყოფილებული არ არის.
1919
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
სოფელ სავანეში მცხოვრებ არგვეთის საზოგადოების მოქალაქე ანდრია ივანეს ძე აბაშიძეს 1919 წლის 2 ოქტომბრიდან არგვეთის საზოგადოების კომისრის – ვ. ხაჭაპურიძის თანხმობით, საქართველოს რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების უფლება მიეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა 1919 წლის 2 ოქტომბერს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა შემდეგ ოფიციალურ პირებს: პოლკოვნიკ ჰასკელს (გასკელს) – მოკავშირეთა უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, ოლივერ უორდროპს – დიდი ბრიტანეთის უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, გაბას – იტალიის სამხედრო მისიის მეთაურს ამიერკავკასიაში, ასევე – საფრანგეთისა და საბერძნეთის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელებს ამიერკავკასიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქისთავ ბენია ჩხიკვიშვილს და სტუდენტებისთვის ბინის მოძებნაში დახმარება სთხოვეს. ქალაქისთავი მათ ყოფილი სემინარიის შენობის ნახევრის დათმობას დაჰპირდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „დიდების ტაძრის“ ეროვნულ გალერეად გადაკეთებისთვის განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილისთვის 10-მილიონიანი ფონდიდან 26 300 მანეთის გამოყოფა ეთხოვათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში მოწყობილიყო კვირაში ერთი წარმოდგენა, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორსა და ბრიტანეთის წარმომადგენელს ამიერკავკასიაში გენერალ ბრაფს შორის დაიდო ხელშეკრულება ნატანებ-ბათუმის ნაწილზე რკინიგზის მოძრაობის გასაადვილებლად. ხელშეკრულება არის წმინდა საექსპლოატაციო ხასიათის და სრულიად არ შეესაბამება საკუთრების საკითხს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში ციმბირიდან თბილისში ჩამოვიდნენ დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, მისალმებოდნენ საქართველოს მთავრობას და გაეცნოთ ციმბირში მყოფ ქართველთა პოლიტიკური მდგომარეობა, ეთქვათ საქართველოში დაბრუნების სურვილზეც.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ლორთქიფანიძე. მოადგილეებად – ვ. სიხარულიძე და ილარიონ გიორგაძე. მდივნებად – ს. თავაძე და არჩილ რუხაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი გიორგი სიმონის ძე ბახტაძე იმავე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი ოქტომბრიდან ვერა ბენუა-მღებრიშვილი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი ოქტომბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, მარგალიტა გიგინეიშვილი ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
აკაკი გიორგის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ბორის იაკობის ძე ვასილიევი იყო სახალხო დირექტორი და ერევანში პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბრიდან ტროფიმე ჯოხთაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების თავმჯდომარე აღარ იყო. ის გადავიდა სოხუმში, სადაც საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. მას საზეიმოდ მორთულ სადგურში უამრავი ადამიანი დახვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად, სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რომ მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.