ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შემდგარიყო კომისია, რომელიც აღწერდა ქართული ეკლესია-მონასტრების ქონებას და სათანადო აქტებს შეადგენდა. კომისიაში უნდა შესულიყო ორი პირი, აღწერის ჩატარებაში მათ უნდა დახმარებოდა ადგილობრივი ერობის ერთი წარმომადგენელი. კომისიის შედგენა დაევალა მთავრობის თავმჯდომარეს, სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს 10-მილიონიანი ფონდიდან გამოიყო 10 000 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჭიათურის თვითმმართველობის სამსახურში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებას დაესწრნენ: პლატონ მოდებაძე, ევსევი თოდუა, ისიდორე ხარატიშვილი და 14 ხმოსანი. სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს და სესხის აღების საკითხი განიხილეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მემედ აბაშიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შვებულებაში მყოფი ნოე ხომერიკი დროებით შეცვალა გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ხომერიკი შვებულებაში ყოფნისას შრომისა და მთავარ მიმწოდებელ სამმართველოში დროებით შეცვალა შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პეტრე გელეიშვილი იყო შრომის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).

1919

ტიპი: თანამდებობა

ნოე ხომერიკი შვებულების დროს მიწათმოქმედების უწყებაში დროებით შეცვალა მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგმა გელეიშვილმა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა დროებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გადაიბარა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის სამაზრო ერობის ბინაში რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა გაიმართა. თავმჯდომარედ ცენტრის გამგეობის წევრი ისიდორე სტურუა აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის ერობაში არჩევის გამო საკუთარი თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის საქმეთა მმართველ კ. ჯაფარიძის დაბრუნების გამო მმართველობის მდივანი დ. დიდებულიძე მოვალეობის აღსრულებისგან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო სამხედრო მინისტრის მოვალეობის შესრულება ნოე ცინცაძეს დაეკისრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ილია ჩიქოვანი ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გენერალ ახმეტელაშვილის სიღნაღში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე პოლკოვნიკი კავკასიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად დანიშნული ოლივერ უორდროპი ბათუმში ჩავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში დ. კალანდარიშვილი თბილისის სასახლის მეთვალყურედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართულ გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ვერის დაღმართზე საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ №20-ს, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს, რომლებიც გასკდა. ბარათოვი ფეხში, ხოლო ოდიშელიძე სახეზე დაიჭრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ა. შერლინგი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მუსიკის თავისუფალი გაკვეთილების მასწავლებლად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.