რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით ქალაქ ერზერუმში გაიმართა საზოგადოების იმ წევრთა კრება, რომელთაც სურდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება. კრებაზე დაადგინეს: 1) გაეხსნათ ქალაქ ერზერუმში საზოგადოების განყოფილება; 2) ადგილობრივი განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერათ 31 პირი; 3) დაეარსებინათ სახალხო სამკითხველო, აემუშავებინათ წიგებისა და ჟურნალების მაღაზია, გაევრცელებინათ ქართული წერა-კითხვა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებსა და ქართველ მაჰმადიანებში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ერზერუმის განყოფილებიდან დამფუძნებელმა წევრმა, ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძემ მისწერა, რომ დროულად გაეგზავნათ განყოფილების გახსის ნებართვა, რადგან ადგილობრივი ქართველები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ამ გადაწყვეტილებით და დიდ თანხასაც სწირავდნენ მათ. ასევე, სურდათ საკვირაო სკოლის, სამკითხველოსა და სხვა დაწესებულებების გახსნა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 31 იანვრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერზერუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: არტემ ლომინაძე, გიორგი ცქიფურიშვილი, სამსონ მხეიძე, იაკობ ბაზაძე, ვლადიმერ ნიჟარაძე, მიხეილ როსტიაშვილი, არტემ აბულაძე, ივანე ზარულავა, ლევან ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი და ლავროს კაკაბაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 31 იანვრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერზერუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ესტატე ხარბედია, დავით კაზაროვი, ბართლომე ალასანია, ნიკო სარჩიმელია, სოკრატ ბესოს ძე ჯღარკავა, ვართან დუშვალიშვილი, კონსტანტინე ექვთიმეს ძე ჩირქაძე, ეფრემ იაკობის ძე ჭეიშვილი, ბიქტორ ჭეიშვილი და ნიკოლოზ ლომინაძე.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 28 იანვარს თბილისში გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი ალექსი ჭიჭინაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 25 იანვარს გრიგოლ ბურჭულაძემ სკოლების მეთვალყურის თანამდებობა დატოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 1-ლ იანვარს საწევრო თანხა, თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 5702. 32 მანეთი იყო, გასავალი – 953. 10 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომაზე გენერალ მაზნიაშვილის თხოვნის საფუძველზე საზოგადო მოღვაწეებმა შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხევსურეთში გაგზავნეს. მათ თბილისში ჩამოიყვანეს ოთხასამდე ხევსური, რომლებიც სამხედრო სკოლის შენობაში დააბინავეს, შემოსეს, იარაღით აღჭურვეს, ჯგუფებად დაყვეს და ოფიცრები დაუნიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჯგუფები სამხედრო ქონების საწყობების სადარაჯოდ გაანაწილეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომით (თითქმის იმავე დროს, როცა თბილისში ჩოლოყაშვილისა და ქარუმიძის თაოსნობით ოთხასი ხევსური ჩამოვიდა) კაპიტან ჯაფარიძის მეთაურობით ათასეული შედგა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ამ ათასეულის თავის მიერ შედგენილ მე-2 დივიზიასთან შეერთება ჰქონდა განზრახული.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომაზე თბილისიდან 303-ე ვერსზე თავი მოიყარა ოსმალეთის ფრონტიდან უკანდახეულმა თექვსმეტმა რუსულმა ეშელონმა ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით. მათ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავრობის გადადგომა იყო. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეფისნაცვლის სასახლეში ევგენი გეგეჭკორთან მიიწვიეს, რათა გაერკვიათ, შეძლებდნენ თუ არა ქალაქის დაცვას მათ ხელთ არსებული ძალებით. გენერალმა მოახსენა, რომ მე-2 დივიზიის შექმნის საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავს არ დაზოგავდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ევგენი გეგეჭკორთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფრონტებიდან მობრუნებული თექვსმეტი ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის საფრთხე. შეხვედრის დეტალები გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სამხედრო კორპუსის უფროსს, სტეფანე ახმეტელსა და შტაბის უფროს სოსო გედევანიშვილს გააცნო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სამხედრო კორპუსში გამართულ თათბირზე გიორგი მაზნიაშვილმა განაცხადა, რომ ფრონტებიდან მობრუნებული 16 ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად საჭირო იყო: ევგენი გეგეჭკორს ეშელონების გასაფრთხილებლად ორატორ-დელეგატები გაეგზავნა, რათა ეცნობებინათ, რომ მატარებლიდან ჩამოსვლის ნებას არ დართავდნენ და ცეცხლს გაუხსნიდნენ; მახათას მთასა და სოღანლუღის ქედზე გაეგზავნათ თითო ბატარეა, რათა თბილისისკენ მომავალი ეშელონებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. თათბირზე მაზნიაშვილის წინადადება ერთხმად მიიღეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს, სამხედრო კორპუსის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილმა არტილერიის ახლად შექმნილ ბატარეას მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დაკავება დაავალა. შემდეგ კი ევგენი გეგეჭკორს არსებული ვითარება მოახსენა.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ვ. ფაღავა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარიის მმართველად მუშაობდა და 5875 რუბლი ჰქონდა ხელფასი.