რეგისტრირებული ფაქტები51310
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კახეთის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერაშვილმა და მ. ი. მრევლიშვილმა პანკისის ხეობაში ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს გუსტავ ივანეს ძე რადემ, გერმანე ვილჰელმის ძე აბიხმა, ჰოფმანმა და ნევსტროევმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „მეთოდური სახელმძღვანელო სამშობლო ენის შესასწავლად“, რომლის ღირებულება 20 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადგადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომლის ფასიც შეადგენდა 3 მანეთსა და 60 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაციით თბილისის სასწავლებელს ღარიბი შეგირდების დასახმარებლად იმერეთის ეპისკოპოსმა შესწირა 120, ეგზარქოსმა პალადიმ კი – 500 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის თავად-აზნაურთა სკოლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ სკოლის კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარსა და ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს დაღესტანში უპოვნია მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოთხრობილი იყო მუსლიმთა სარწმუნოების წესი, მეორე ნაწილში – არაბულ-სპარსულ-ქართული ლექსიკონი, არაბული თვლის სისტემა და ანბანი საიდუმლო მიწერ-მოწერისთვის, ხოლო მესამე ნაწილში – ასოთსამღერალო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დაღესტანში ნაპოვნი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი წიგნი შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების ბიბლიოთეკას ფლობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ერთად დააარსეს გაჭირვების ჟამს, ხუთ-ხუთი მანეთი შეაგროვეს, საკმაოდ ბევრ ფულს მოუყარეს თავი ერთობლივი ძალისხმევით და სამოციათასი თუმნის ბრუნვით შექმნეს ფინანსური წყარო, რათა ყველას ხელი მომართვოდა. ვინაიდან, ასეთი თანამშრომლობა აკავშირებდათ შორიდან არ უნდა ესაყვედურა ისე, თითქოს უცხო ყოფილიყო, ერთად უნდა ესაუბრათ პრობლემებზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, თუკი ბანკის უმცროსმა თანამშრომლებმა ვერ მოიფიქრეს, რომ სასოფლო მამულის მფლობელი 10-12%-ს ვერ გადაიხდიდა, თავად უფროსებს უნდა შეემუშავებინათ მემამულეებისთვის დასახმარებელი გეგმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ სესხისა და ვალის ბანკში შეტანა ისე გაეადვილებინათ, როგორც სახელმწიფო ბანკმა გაუადვილა აზნაურებს ვალის გადახდა და შეუმცირა ფულის სარგებელი. სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა ბანკის მეპატრონეებთან ერთად, ირონიულად კი არ უნდა ელაპარაკათ.