ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 8 მაისს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნის ინიციატორები იკრიბებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ყიფიანი გამგეობას სთხოვდა, მალე ეცნობებინათ, ეთანხმებოდნენ თუ არა მის მიერ შეთავაზებულ გეგმას.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 დეკემბერს მიხეილ ქართველიშვილმა იაკობ გოგებაშვილს წერილით შეატყობინა ინფორმაცია სოფელ რუხის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე) მოსწავლეები 7-დან 10 წლამდე ასაკისანი იყვნენ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილს განათლება თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი გაუგზავნა, იმის გასარკვევად, რატომ ვერ წაიღეს მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ნოემბერში საზოგადოებამ ბაგრატ ბეთანელი აკაურთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა. პირველი მასწავლებლის, ტრიფონ შუბლაძის, მსგავსად ერთ თვეში ისიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და სკოლაში სწავლა დროებით ისევ შეწყდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის თებერვალში საზოგადოებამ ბაგრატ ბეთანელის მოადგილე ივანე კვარაცხელია აკაურთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა და ორთვე-ნახევარი იმუშავა. მის შემდეგ ამ თანამდებობაზე დოროთე უჩანეიშვილი დანიშნეს, მაგრამ 1917 წლის იანვარში სკოლაში მუშაობას მანაც თავი დაანება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლა გაიხსნა. ტრიფონ შუბლაძე ამ სკოლაში დანიშნული პირველი მასწავლებელი იყო, მაგრამ მას დიდხანს არ უსწავლებია, რადგან ჯარში გაიწვიეს, და სკოლაში სწავლა დროებით შეჩერდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია იყო დონის პოლიტექნიკუმის სააგრონომიო განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე სწავლობდა ბაქოს სკოლაში და მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას შუამდგომლობდნენ კონსტანტინე ფოცხვერაშვილი და ივანე სარაჯიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 28 და 31 იანვარს სენაკის სკოლის ინსპექტორმა, სამსონ ყიფიანმა სამი განცხადება შეიტანა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტში, რომლებიც შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში გაიგზავნა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოწმობა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლაში გამგეობას აღედგინა წესრიგი, რომელიც დაარღვია სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიერ კომიტეტში შეტანილმა განცხადებებმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ორი სია წიგნების მეტ-ნაკლებობისა, რომელიც მაღაზიისა და საწყობის აღწერის დროს შეადგინეს და რომლის საფუძველზეც გამგეობამ მაღაზიისა და საწყობის რევიზია დაავალა შალვა მიქელაძეს, შიო დედაბრიშვილს, არჩილ ჯაჯანაშვილს და იპოლიტე ვართაგავას. ბუღალტერიის რევიზია დაევალათ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფილიპე მგელაძეს, ხოლო კანცელარიის რევიზია დაავალეს ლუარსაბ ბოცვაძეს და ალექსანდრე მდივანს. მათ რევიზია უნდა დაესრულებინათ იანვარში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის თხოვნას გამგეობას ვერ გაუგზავნიდნენ, რადგან განცხადება მასვე დაუბრუნეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ ნიკოლოზ ბადრიძისთვის გაზეთების ყდაში ჩასასმელად 16 მანეთი მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ ზაქარია გრიქუროვს წიგნებისთვის გადაეცა 32 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.