რეგისტრირებული ფაქტები49987
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა, რადგან მრავალშვილიანი მამა იყო, ამასთანავე, ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობით შვილების სწავლის საფასურის გადახდა უფრო გაუადვილდებოდა. ასევე, მისწერა, რომ ქალთა მე-2 გიმნაზიაში მის ნაცვლად სასურველი კანდიდატი დაენიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1917 წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქალთა მე-2 გიმნაზიის ყველა კლასში, თუმცა შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, რის გამოც მან, პარალელურად, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლის ადგილისთვის განცხადება შეიტანა. საბოლოოდ, ორივე გიმნაზიიდან, ქალთა მე-2 გიმნაზიიდან და მე-2 ვაჟთა გიმნაზიიდანაც წარადგინეს მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიათა გამიჯვნის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ერევანში დესპანებთან ერთად გამგზავრების თაობაზე სწერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ჯაფაროვმა ბაქოს აღების შემდეგ დიპლომატიური პროტესტი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვა საერთაშორისო სამართლის ძალით თავისი სახელმწიფოს უფლების დაცვა. მისი სიტყვებით, თბილისის გაზეთები შეურაცხყოფას აყენებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას და ჯარს (მაგალითად გაზეთი „ბარბა“).
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საშუალო სასწავლებელთა შეკეთების საკითხს. ამისათვის ის 75 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდა, უპირველესად 30 000 მან. სასწავლებლებისთვის, რომელთაც სპეციალური თანხა არ ჰქონდათ, ასევე ქალთა გიმნაზიებისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ქართული მუსიკალური სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და დედათა ინსტიტუტის შენობის დათმობის შესახებ ისაუბრეს. ჟორდანია დახმარებას შეჰპირდა. სახელოვნო კომისიამ ალექსანდრე ახმეტელს დაავალა, დაეთვალიერებინა დედათა ინსტიტუტის შენობა იქ ქართული მუსიკალური სკოლის განსათავსებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გაიმართა პარლამენტის სხდომა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. მდივანმა წაიკითხა სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-რევოლუციონერებისა და ნაციონალ-დემოკრატების განცხადებები პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო კომისიათა კანდიდატების სიების შევსებისა და დაშნაკცაკანების საპარლამენტო ფრაქციის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის კონფლიქტის მიზეზები. სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, რომელთაც აღნიშნეს, რომ უთანხმოების მიზეზი იყო სომხების მიერ მოსაზღვრე ხიდიდან კობერამდე ტერიტორიის დაკავება.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრი ჟურული 1918 წლის ოქტომბერში გზათა მინისტრს სწერს, რომ სპეციალური ამკრეფები, საკასო წესების თანახმად, საგუბერნიო თუ სამაზრო ქალაქებში ვალდებული არიან, მათ მიერ შეგროვილი შემოსავალი კვირაში ორჯერ გადასცენ ხაზინას, შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები: ნ. რამიშვილი, გ. ჟურული, ი. ლორთქიფანიძე, ნ. ხომერიკი; მინისტრთა მოადგილეები: გ. ერაძე, კ. გვარჯალაძე, ა. მდივანი, ბ. მახარაძე; სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვ. არდიშვილი; მიწვეულები იყვნენ ბანკების კომიტეტისა და ბანკების მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელნი, საქმეთა მმართველი ს. ჯაფარიძე და მდივანი გრ. რობაქიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში საღმრთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს პროვინციის მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების საკითხი. დაადგინეს: ფინანსთა მინისტრს დაევალოს, პროვინციის მასწავლებლებს დაუყოვნებლივ მისცეს ჯამაგირები, ოღონდ ეს მოხდეს სამხედრო სამინისტროს დაკმაყოფილების შემდეგ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი მინისტრთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობს ქუთაისის ყოფილი სამასწავლებლო სემინარიის საქმის მწარმოებლისა და ეკონომისტ გ. ა. თარგამაძის ცოლ-შვილს დასაფლავების დროს გაწეული ხარჯების დასაფარად გამოუყონ 1 000 მან.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის რელური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე, ხოლო სხვადასხვა თანამდებობაზე საოლქო სასამართლოს წევრი კარასიოვი, ვასილინი, მელ. კანდელაკი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, დ. ტატიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ილია ბადრიძე.