ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48013

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი აგენტების საშუალებით წიგნების გავრცელების შესახებ. წიგნებს გაავრცელებდნენ შემდეგი დაწესებულებანი: გორის, სიღნაღის, და თიანეთის სამაზრო ერობები, ზუგდიდის კოოპერატივთა კავშირის გამგეობა და წიგნების გამომცემლობა „განათლება“ ქუთაისში. გამგეობამ ეს ინფორმაცია ცნობად მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ლომთათიძის განცხადება მისი ზღაპრების და ანდაზების გამოცემის შესახებ. მან შეკრიბა ანდაზები და სთხოვდა საზოგადოებას ამ მასალის გამოცემას. მას აინტერესებდა, რამდენს გაიღებდა საზოგადოება ჰონორარად. გამგეობამ გადაწყვიტა, ეთხოვოს შეკრებილი მასალის გადმოგზავნა, თან განემარტოს, რომ ანდაზების გამოცემას აწარმოებს სპეციალურად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლბელს, ფერდინანდ ბეთნელს, რომელიც საკლასო კომისიის სხდომის შემდეგ სასწავლებლიდან სახლში ბრუნდებოდა, საღამოს ათ საათზე, კაზოვის ქუჩაზე, მისი ბინის მახლობლად თავს დაესხნენ, ძლიერ სცემეს და თავი გაუტეხეს. მისი მდგომარეობა სერიოზული იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 დეკემბერს გორში, ადგილობრივ კლუბში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრმა ქრისტეფორე რაჭველიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ევროპა და საქართველო“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე (საქმის მწარმოებელი მანდარია) 1919 წლის 29 დეკემბერს განათლების სამინისტროს მიმართავდა, რომ ლაილაშის უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებლის საგნების მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დროებით გიორგი ანტონის ძე ჩაჩხიანი დაენიშნა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი, მდივანი — ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ბაქოს განყოფილების წევრებს მისწერა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი ინტერესების მიუხედავად, ძველებურად განეგრძოთ მუშაობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი, იასონ ბაქრაძე, თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე იუსტიციის მინისტრად რაჟდენ არსენიძე აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა დეპეშით შეატყობინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანებმა ოპერაციების წარმოება დაიწყეს სომხეთის გოხტანის წინააღმდეგ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს – ევგენი გეგეჭკორსა და ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფერენციამ ბაქოში სასურველად და მიზანშეწონილად ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფედერაციის დაარსების იდეა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა რაჟდენ არსენიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოადგენდა მანამდე ცალ-ცალკე არსებულ მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთებულ უწყებას. ამას გარდა დაემატა ორი ახალი, იუსტიციისა და სამხედრო სამინისტროები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახლად შექმნილი სამხედრო სამინისტროს შესახებ განაცხადა, რომ როცა მინისტრთა კაბინეტი დგებოდა, ერთ პირს, ნოე რამიშვილს ჩაბარდა შინაგან საქმეთა და სამხედრო სამინისტროები, რომელმაც კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთიდან საფრთხე დამუქრებოდათ, ამიტომ საჭირო იყო ძლიერი ფრონტი, რადგან თუ დენიკინი დამარცხდებოდა, ბოლშევიკები საქართველოსკენ გამოემართებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ძველ რუსეთში მოქმედი სისტემა, რომელიც ახლაც მოქმედი იყო, საქართველოს მდგომარეობას აღარ შეეფერებოდა, ბევრი რამ შესაცვლელი იყო, სწორედ ამიტომ შეიქმნა იუსტიციის სამინისტრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი არა მარტო საქართველოში იყო, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებშიც, რის მიზეზადაც მან მსოფლიო ომი დაასახელა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო პირები ვერ ახერხებდნენ ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას, მთავრობა იძულებული იყო ჩარეულიყო ვაჭრობა-მრეწველობის საქმეში როგორც კერძო პირი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.