ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) შემოსავალი 593. 07 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 399. 34. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 193. 73 მანეთი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი ყოფილიყვნენ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები. მათ დაევალათ, დასწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას საგურამოდან თბილისში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძი. გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია, სასამართლოსთვის მეურვის გამოყოფა ეთხოვა, რადგან ოლღა გურამიშვილი ავადმყოფობის გამო ილიას ანდერძის შესრულებას ყურადღებას ვერ მიაქცევდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობას დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და მწერლის პატივსაცემად და მისი ფონდის გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში სალიტერატურო ღონისძიებები გაემართა ილიას ნაწარმოებების მიხედვით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციის განკარგულებაში (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ) 13 767 მანეთი იყო, აქედან მასწავლებლების ხელფასსა და სკოლების საჭიროებებზე 16 469 მანეთი დაიხარჯა, 2 702. 46 მანეთით მეტი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ცალ-ცალკე გამოცემებად დაებეჭდათ. ამ საქმის ორგანიზება სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშმის განყოფილება გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი თებერვლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ შალვა ქიქოძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულიყო სალიტერატურო საღამო, რომლის ორგანიზება სამსონ ფირცხალავას დაევალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯორჯაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხების თაობაზე.

1910

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის შეკითხვის საპასუხო წერილში სამსონ ფირცხალავა განმარტავს, რომ განყოფილების ყველა წევრს შეუძლია საერთო კრებაში მონაწილეობა ნამდვილი წევრის უფლებით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის მიეცა 30 რუსულის სამხაზიანი რვეული, 30 ქართულის რვეული N1 და 10 რვეული N2, 1 კოლოფი კალმები და 10 კალმისტარი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სკოლას წიგნებით დახმარებოდნენ. გამგეობამ 18 მანეთისა და 50 კაპიკის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ ბარბარე ვარდოსანიძეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაამტკიცა ანგარიში ოლღა ჭავჭავაძისათვის ბაზრობის გასამართად 100 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე ძველი კარ-მიდამო წარმოადგენდა სამოთახიან ქვის შენობას კრამიტის სახურავითა და აივნით, რომელიც გარს უვლიდა ყველა ოთახს. საკმაოდ ძველი ნაგებობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა. კერძოდ, საჭირო იყო ბათქაშის გამაგრება გარედან და შიგნიდან, იატაკების, სახურავისა და აივნის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფ. ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ფართობი 100 კვ. საჟენს შეადგენდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალექსანდრე ციციანოვი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 იანვარს შედგა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის დადგენილებით ამ კომისიის ინსტრუქტორმა ალ. ციციანოვმა ჩააბარა თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგს, ვ. კახიძეს ი. გ. ჭავჭავაძის მამული შემდეგი შემადგენლობით: ძველი სახლ-კარი, კოშკი, ორი წისქვილი, სამზარეულო, ბოსელი, საქათმე, მარანი, ღობე და ეზო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ ნიკოლაძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს დამატებითი ცნობების გაგზავნა მოსთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის გამოგზავნილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის 1897-98 წლების ანგარიში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ვასილ ბარნოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. იმ დროისთვის მწერალს 125 000 მანეთი ჰქონდა მიღებული. გამგეობამ ბარნოვისთვის 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების მოსამსახურე პირებმა სთხოვეს პურის რაციონის ფასის ერთ გირვანქამდე გაზრდა, ასევე ხორბლის შეძენა და ანაზღაურების სახით მათთვის დარიგება. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები – ნინო ნაკაშიძე, პავლე საყვარელიძე და თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩიგოგიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.