ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ქართველ ქალთა ამხანაგობის სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა. ამხანაგობა სამკერვალო სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა: ილია ჭავჭავაძეს, ეკატერინე სარაჯიშვილს, ნიკო ღოღობერიძესა და იაკობ გოგებაშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შექმნილი წიგნების გამომცემელი კომისიის პირველმა სხდომამ დაადგინა, გამოეცათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნაწარმოებები: „კაცია-ადამიანი?!“, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსული ჟურნალებიდან „ნოვოე ვრემია“ და „სელსკოე ხოზაისტვო“ მისთვის საინტერესო თემები ჩაინიშნა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ ბეჭდვითი სიტყვის შესახებ ციტატები ამოიწერა და გვერდები მიუთითა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნების ჩამონათვალი ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა ეყიდა მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართიც იქვეა მიწერილი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ დაამთავრა ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობა საგურამოში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 იანვარს წინარეხის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი მათიკაშვილმა წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, და ათი თვის ხელფასის ანაზღაურება სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 23 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ, როგორც მომრიგებელი მოსამართლე, 11 დეკემბერს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას დასწრებოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „სანო“ სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „შინაურთა შორის“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს სოფელ ურბნისის მოსახლეობამ ნავტიკით მტკვარზე მიმოსვლის მოწყობა სთხოვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში მიიღეს გიორგი ივანეს ძე ბადრიძის მიერ შედგენილი წიგნი „შავი ჭირი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიას მიერ სოხუმში დაარსებული სამკითხველო დაიხურებოდა, თუ ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ. დახმარების სურვილი 26-მა პირმა გამოთქვა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხების ერთ-ერთმა პარტიამ ხმოსნობის კანდიდატთა სიაში 16 ქართველი შეიყვანა, მათ შორის ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობაზე ვლადიმერ დარჩიაშვილი და რაჟდენ თომას ძე კალაძე დაინიშნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობა დატოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი ჟურულს ერობის საქმის გამო დანიშნულ კომისიაში წარსადგენად ვრცელი ანგარიშის შედგენა დაევალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალიოზ შიხინოვი აფთიაქის დაარსებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში თბილისის სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის წამლების უფასოდ დარიგებას აპირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს სთხოვა, რომ იმ წელს თბილისის გუბერნიის გლეხები სამხედრო ბეგრისგან გაეთავისუფლებინათ, რადგან საქონლის ჭირის გამო მათ ჯარისკაცთა ბარგის გადასატანად ხარ-ურმის გამოყვანა აღარ შეეძლოთ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ცხინვალის მოსახლეობა ეფემია მაჩაბელს ადგილობრივი სამკითხველოს გადასარჩენად თანხის შეწირვას სთხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ეფემია მაჩაბელი ცხინვალში საღამოებს მართავდა ხოლმე, რომლებზეც დიდი თანხა გროვდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძემ გახსნა თბილისში პირველი კერძო პანსიონი ქალებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძე თავის პანსიონსა და სასწავლებელში ქალებს საცხოვრებლად იღებდა და იმავდროულად საშუალო სასწავლებელში მისაღებადაც ამზადებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანმა დაიწყო ისტორიული თხზულების „ცნობანი ძველთა ბერძენთა და რომაელთა მწერალთა კავკასიის შესახებ“ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთას წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემისთვის.