ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50753

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ბარბარე ამილახვარმა გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს მისწერა, რომ ის ორი (მე-6 და მე-7) კლასის დამრიგებელი იყო. ანაზღაურებას მხოლოდ ერთი კლასიდან იღებდა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ სამინისტროსთან შუამდგომლობა აღძრა. შუამდგომლობის შედეგები მისთვის ცნობილი არ იყო, ამიტომ მან პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეს საკითხი სამინისტროსთვის შეეხსენებინათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 18 ივნისის N 129 მიწერილის პასუხად აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდათ, ვინაიდან ერთი და იმავე პირისთვის ორი კლასის დამრიგებლობის დაკისრება კანონით არ იყო გათვალისწინებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 3 ბრძანების თანახმად, ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გორის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ დიმიტრი ერისთავის წერილი „სიმართლე ახტალაზე“ კურორტის მნიშვნელობაზე, მის მდგომარეობასა და სასწრაფოდ სახელმწიფოს განკარგულებაში გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქში (გორის მაზრა) ისიდორე რამიშვილმა მოხსენება წაიკითხა საქართველოს მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა ჯარის და გვარდიის ბრძოლა შინაურ და გარეულ ფრონტებზე, აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრება ახლო მომავალში კონსტიტუციას დაამტკიცებდა. ის 13 ივლისს მოხსენებით გამოვიდა კავთისხევშიც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის წინადადებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი და მინდობილი საქმე დაასრულა. კომისიის წევრები იყვნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი სიმონ ჯაფარიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი დ. ჩხეიძე და ექსპერტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა რუსული ენის პედაგოგი ვ. ო. კრონოვიჩი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნ. ფ. ტორჩინავა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს გამგეობამ გასათავისუფლებელი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხის დადგენა დაავალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: მინსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი ივანე ვასილის ძე ჩუისტოვი, მიხაილოვის არტილერიის აკადემიის კურსდამთავრებული, ფიზიკის მასწავლებელი ე. ფ. სმალკა, პეტროგრადის უნივერსიტეტის მსმენელი, ისტორიის პედგოგი იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გეოგრაფიის პედაგოგი ვ. ფ. ბადინსკი, გერმანული ენის მასწავლებელი რ. მ. პროზოროვსკაია, ფრანგული ენის პედაგოგი ნ. ნ. სუროვიოვა და რუსული ენის პედაგოგები: კიევის სასულიერო სასწავლებლის მსმენელი ა. ა. შალაიკა, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდმთავრებული გ. პ. ლევიცკი, თბილისის ქალთა პირევლი გიმნაზიის მსმენელი ლ. ი. სტასი, ნ. ნ. ისაევა, ვ. მ. ლანდაი, ე. ა. ვასოევიჩი.

1927

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის ქიქოძის მოსწავლე იყო.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმ პერიოდს იხსენებდა, როდესაც ნინო ქიქოძე მას სკოლაში ასწავლიდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან წერილით შეატყობინა შვილის, დავით შარაშიძის ავადმყოფობის ამბავი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 20 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ნინოს შვილის, დავით შარაშიძის ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობდა ნიკოლოზ სიმონის ძე აბაშიძე.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს შვილის, დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 27 იანვარს ნუცა შარაშიძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში ბარათი გაუგზავნა და ნინოობა მიულოცა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.