ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 4 მარტს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს მუზეუმის დირექტორს და გამოცდების მოსამზადებლად სამი თვის განმავლობაში ათ-ათი დღით შვებულება ითხოვა, რადგან ზაფხულში თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის 10 გამოცდა უნდა ჩაებარებინა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წლის 17 მარტით დათარიღებული მოწმობის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარული განყოფილების გამგედ მუშაობდა და ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა. მოწმობას ხელს აწერენ მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მისი მდივანი ანდრია აფაქიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის 1918 წლის 12 ოქტომბრის (N453) ტელეფონოგრამა ეხება სამტრედიას და ფოთს შორის სამდინარო ნაოსნობის გახსნასთან დაკავშირებით კომისიის შემადგენლობაში მიწვევის საკითხს. მდ. რიონზე ნაოსნობის გახსნის გამო ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებას მონაწილეობა უნდა მიეღო მისი საკონცესიო პირობების შემუშავებაში. საზღვაო და სამდინარო სააქციო სატრანსპორტო საზოგადოების დამფუძნებელთა ნდობით აღჭურვილი პირის, აკაკი ხოშტარიას, მინისტრის სახელზე შესული თხოვნა და კონცესიის პროექტი განიხილეს კონცესიონერებისა და ნდობით აღჭურვილი პირის, პაპავას (ხოშტარია ბაქოში გაემგზავრა), ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 იანვარს ტექნიკური მმართველობის უფროსმა ინჟინერმა გიორგი ანდრონიკაშვილმა და საქმისმწარმოებელმა გ. ქოქაშვილმა გზათა სამინისტროს კანცელარიას სთხოვეს, მათ წერილზე დართული საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველის მიწერ-მოწერა (18 იანვრიდან; N156) გზათა ოლქის უფროსისთვის გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დანიშნულმა კომისიამ (თავმჯდომარე სამხედრო პორტისა და სანაპიროების უფროსი, I რანგის კაპიტანი ჭავჭავაძე; ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი ინჟინერი ალშიბაია; გზათა სამინისტროს წარმომადგენლები, ინჟინრები: პიასტრიკოვი და სტანკევიჩი) დაათვალიერა ფოთის პორტის საცურაო საშუალებები ზღვაში ნაოსნობისა და ვენის სამდინარო ფლოტილიისათვის გემების ვარგისიანობის გამოსავლენად.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ონისიმე ლაზარეს ძე შავგულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წლის 5 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო კარლ მარქსის სახელობის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის დროებითი საშვი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა დამკრძალავ პროცესიათა ბიუროს და ითხოვა ნებართვა, რომ ვაკის სასაფლაოზე ცოკოლის მოაჯირით შემოეზღუდა დედის, ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძის საფლავი N-940.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს ქრისტინე შარაშიძე ჩაირიცხა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მესამე კლასში.

1904

ტიპი: განათლება

1904 წელს ქრისტინე შარაშიძე მოწაფეთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ქუთაისის ქალთა გიმნაზიიდან გარიცხეს.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ქრისტინე შარაშიძემ გაიარა ქართული ენისა და ლიტერატურის შემოკლებული საუნივერსიტეტო კურსი თბილისში, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კომისიაში, რამაც საშუალო სკოლების უფროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლობის უფლება მიანიჭა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად ახლად დაარსებულ ქალთა საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ქრისტინე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ქრისტინე შარაშიძე ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ის იყო უმცროსი მდივანი და სარედაქციო-სატერმინოლოგიო, საბიბლიოთეკო და სასკოლო კომისიების წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1921 წლებში ქრისტინე შარაშიძე განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო და სასკოლო საბჭოების წევრად იყო მიწვეული.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელად იყო მიწვეული.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წელს ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლიდან სამუშაოდ გადავიდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

ი. მ. შტრანგისა და ა. მ. ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი რაფიელ მოისეის ძე შტრანგი (სამხედრო სამინისტროს კონტრაგენტი ფქვილით მომარაგების და მთავრობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის გაცვლაში) 1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრს ტვირთის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებებს სთხოვდა. კერძო გემების დაქირავება წამგებიანი იყო როგორც კავკასია-შავი ზღვის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე ხაზინისთვის, რადგან ზრდიდა ზედნადებ ხარჯებს, რაც საქონლის ღირებულებას აძვირებდა და შავ ზღვაზე რეგულარული მიმოსვლის არარსებობის გამო პურის შემოტანას აფერხებდა .

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1-ელი იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის (სამინისტროს მის.: თბილისი, გოლოვინის პრ. N23) მინისტრმა გიორგი ჟურულმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ, მასთან შეთანხმების თანახმად, გასულ წელს განიზრახეს გზათა სამინისტროსთვის გემების გადაცემა რიონის ფლოტილიისათვის. მას გადაეცა ბათუმიდან ფოთის სარემონტო სახელოსნოებში ევაკუირებული ინსტრუმენტები, ჩარხები და სხვა ქონება. გ. ჟურულმა გზათა მინისტრს სთხოვა, გაეცა განკარგულება, ფოთის პორტისთვის დაებრუნებინათ ბათუმის პორტის ყოფილი ქონება. ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უფლებამოსილება მიანიჭა ფოთის პორტის სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელ გემის ინჟინერ გოკიელოვს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში შესთავაზა, გზათა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დაეტოვებინათ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტისთვის საჭირო რაოდენობის ნავები. გადაცემა უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტით. ხელს აწერენ კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი და ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.