ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებელმა კლავდია ალექსეევამ პირველი მარტიდან სამსახურს თავი დაანება. მან მიზეზად მცირე ანაზღაურება დაასახელა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 მარტამდე გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს დავით ტიმოთეს ძე ციკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს დაქირავებული თანამშრომელი ოლღა სიმონის ასული გუპალოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს დაქირავებული თანამშრომელი პეტრე ეგნატეს ძე პეტროვი.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 17 აპრილის საღამოს გაზეთში გამოქვეყნდა ანგარიში „შავი ბირჟის მოღვაწეთა შესახებ“, რომელშიც მიხეილ ალშიბაია სამჯერ იყო მოხსენებული.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სანდრო ალექსანდრეს ძე მელაძე, ვასილ მიხეილის ძე მჭედლოვი, იოსებ ქრისტეფორეს ძე მაჭავარიანი, ანეტა მეგრელიშვილი და გერმანე გერასიმეს ძე მესხიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც ნოე შველაძე და კ. დ. მაჭავარიანი ერთსა და იმავე დაწესებულებაში მუშაობდნენ.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 26 იანვარს ალექსანდრე მგელაძემ გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ 1930 წლის პირველ თებერვალს 1 წელი სრულდებოდა, რაც პენსიის საკითხის მოგვარებას ცდილობდა. შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემული წიგნების დიდ ქალაქებში გასავრცელებლად სანდო პირების არჩევა იყო საჭირო, რომლებსაც ეგზემპლარების გაყიდვა და საზოგადოებისთვის ფულის წარდგენა დაევალებოდათ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ ფეხი მოიტეხა და ლოგინად ჩავარდა, ახლობლები კი არ ნახულობდნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ მღებრიშვილი, გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე, ვლადიმერ ანდრიას ძე მანჯგალაძე, ანტონ მაქსიმეს ძე მუჯირი და კონსტანტინე მახარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის აგვისტოში მიუნხენში მყოფი შალვა მაღლაკელიძე ნოე ცინცაძეს ევროპაში დაარსებულ ამერიკულ კომიტეტში გაიოზ მაღლაკელიძის დასაქმების თაობაზე ესაუბრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება ა. ყაზბეგის დრამა "არსენა". რეჟისორი ივ. ბარველი. დასაწყისი საღამოს 7 საათზე.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 20 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ბერლინში დავით ვაჩნაძეს შეხვდა. 21 სექტემბერს კი სხირტლაძისა და კონსტანტინე კრომიადის ნახვას აპირებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო საზოგადოებას მუზეუმი გადაეცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 7 დეკემბერს იმართებოდა ოპერა „ნერონი“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ: კანშინი, ოლღა შულგინა, შვამბერგი, პოლიაევი, მოლჩანოვი და ლეონ ისეცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი რწმუნებულისგან, კონსტანტინე ანდრონიკაშვილისგან დეპეშა მიიღო თელავიდან. ის იტყობინებოდა, რომ ყაჩაღთა და მათი აგენტების შეპყრობის საქმე კარგად მიმდინარეობდა, რისთვისაც თელავის მოსახლეობა მათი მადლიერი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შ. მიქელაძე და განაცხადა, რომ საქართველოს სამანდატო კომისიამ სომხეთის მიერ გამოგზავნილი 20 წევრიდან დაამტკიცა მხოლოდ 8 მანდატი, რადგამ მხოლოდ 8 შეიძლება ჩათვლილიყო საქართველოს ქვეშევრდომად.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 1-ლ ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიზაზე უარი მიიღო და პარიზში წასვლას ვერ ახერხებდა. იგი გეგმავდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნოე ცინცაძისთვისა და ევგენი გეგეჭკორისთვის მიეწერა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის მისწერა, რომ მიიღო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის შეტყობინება ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანთა მიერ სომხეთის გოხტანას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: მიხა აბესაძე, ისაკ სალარიძე, დიანოს მოდებაძე, სოციალისტ-რევოლუციონერი ლადო ვაშაძე და სხვ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში რედაქცია ქართველ საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა მძიმე ავადმყოფ მსახიობს, ვალერიან შალიკაშვილს, რომელსაც სოხუმში გამგზავრება ესაჭიროებოდა.